იცით საიდან მოდის ქართული ფულის შექმნის ისტორია? მონეტის მოჭრა ძირითადად სახელმწიფოს უფლებამოსილებაა. მონეტა არის ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანი, რასაც სახელმწიფო სამონეტო რეგალია ეწოდება. ხელისუფლების ინტერესების, დროისა და პირობების შესაბამისად იცვლებოდა მონეტის გარეგნული მხარე – ზედ აღბეჭდილი მეფეებისა სახელები, წარწერათა შინაარსი, მონეტების ფორმები. საქართველოში არ არის კუთხე, სადაც შემონახული არ იყოს შორაეული წარსულის ნუმიზმატიკური ძეგლი – სხვადასხვა ლითონისაგან დამზადებული მონეტები. მრავალსაუკუნოვანი არსებობის მანძილზე საქართველო იყო კულტურული და ცივილიზებული სამყაროს მნიშვნელოვანი მოვლენების მონაწილე. ქართული მონეტები კი ზუსტად ასახავენ ჩვენი ქვეყნის წარსულს. ფულის გაჩენამდე ფულის ნიშნების მაგივრად იყენებდნენ სხვადასხვა საგანს – სამეურნეო ან საბრძოლო იარაღს, ტყავ-ბეწვეულს, პირუტყვს, ლითონის ზოდებს.
მსოფლიოში პირველი ფული გაჩნდა ძველი წელთაღრიცხვით VII საუკუნეში კუნძულ ეგინაზე (ეგეოსის ზღვა), სადაც ვერცხლის მონეტები მოჭრეს. ფასეულობის ეს საზომი სწრაფად გავრცელდა იმდროინდელ კულტურულ ქვეყნებში. საქართველოში, კერძოდ, ძველ კოლხეთში, ძველი წელთაღრიცხვით VI საუკუნეში უკვე მიმოქცევაში იყო ვერცხლის მონეტა “კოლხური თეთრი”, რომელიც მსოფლიოს უძველეს მონეტებს მიეკუთვნება. საქართველოში აღმოჩენილი მონეტების თანმიმდევრული ცვალებადობა ზუსტად ასახავს ქვეყანაში მომხდარ ისტორიულ მოვლენებს. ქართული მონეტების მიმოქცევის 26 საუკუნოვან პერიოდში ფული იცვლებოდა გარეგნულად, იცვლებოდა წარწერები მათზე და თვითონ ლითონიც. ზოგჯერ მოჭრილ ფულზე უცხო სიუჟეტები და უცხოური წარწერები ჩნდებოდა. ეს ნაკარნახევი იყო პოლიტიკურ-ეკონომიკური მიზნებით. ქართულწარწერიანი მონეტები მცირე რაოდენობით იჭრებოდა. გაცილებით მეტია ორენოვანი მონეტები – ქართულ-ბერძნული, ქართულ-არაბული, ქართულ-სპარსული.
VI საუკუნის 80-იან წლებში ქართლში გაუქმებული იყო მეფობა. აქ არაბები ბატონობდნენ. ქართველი ერი დამოუკიდებლობისათვის იბრძოდა. ამ ბრძოლაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო ქართული მონეტის მოჭრა, რომელთაც ასომთავრული წარწერები და ქრისტიანული რელიგიის სიმბოლო – ჯვარი ამშვენებდათ. ეს მონეტები იჭრებოდა ქართლის ერისმთავრების გურგენისა და სტეფანოზის მიერ. ქვეყნის ეროვნული აღორძინება სამონეტო საქმეშიც აისახებოდა ხოლმე. დავით III კურაპალატმა მოჭრა ვერცხლის მონეტა, რომელზეც გამოსახული იყო ჯვარი და ეწერა: “ქრისტე შეიწყალე დავით კურაპალატი”. გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე ბაგრატ III არაბული ტიპის მონეტას ჭრიდა, რაც ეკონომიკური მოსაზრებით იყო განპირობებული. ბაგრატ მეფის მონეტაზე ქართული ასომთავრულით ეწერა: “ქრისტე ადიდე ბაგრატ აფხაზთა მეფე”. როცა გიორგი III-მ თავისი ასული თანამოსაყდრედ გამოაცხადა, მოჭრა მონეტა, რომელზეც მოხსენიებულნი არიან “მეფეთ-მეფე გიორგი” და “მეფე და დედოფალი თამარი”. მონეტაზე მხოლოდ ქართული წარწერაა. დავით აღმაშენებლის უნიკალურ მონეტაზე, რომელიც ბრიტანეთის მუზეუმშია დაცული, ასეთი ქართული ზედწერილია: “ქრისტე, ადიდე დავით, მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა”.
ქართული მონეტები ძუნწად მოგვითხრობენ იმ ტრაგედიას, რაც თავს ატყდებოდა ხოლმე საქართველოს გარეშე მტერთაგან. “მონა ყაენისა, მეფე დავით” – ასეთი დამამცირებელი სპარსული ზედწერილი ჰქონდა დავით VI ნარინის მონეტებს. მონეტებზე აღბეჭდილი ზედწერილის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია თარიღი, რომელიც მონეტის მოჭრის დროზე მიუთითებს. რუსუდან მეფის ვერცხლის მონეტებზე ქართული ზედწერილია: “სახელითა ღვთისაითა იჭედა ქორონიკონსა 450″. (ძველ საქართველოში საკუთარი წელთაღრიცხვა არსებობდა და მას ქორონიკონს უწოდებენ. თარიღის აღსანიშნავად ციფრების ნაცვლად ხმარობდნენ ანბანის ასოებს, რომელთაც რიცხვითი მნიშვნელობა ჰქონდათ. ჩვენში ქორონიკონით წელთაღრიცხვა შემოიღეს ახალი წელთაღრიცხვით 780 წლიდან. ქართული ქორონიკონი რომ ჩვენი, დღევანდელი წელთაღრიცხვით გამოვიანგარიშოთ, საჭიროა ქორონიკონის რიცხვი მივუმატოთ 780 წელს. მაგალითად, 407 ქორონიკონი იქნება: 780+407=1187 წელი.
1804 წლიდან თბილისში დაიწყო ახალი ტიპის – რუსულ-ქართული ვერცხლისა და სპილენძის მონეტების მოჭრა, რომელთა შუბლზე ქართული ასოებით ამოტვიფრული იყო ზარაფხანა “თბილისი”, ზურგზე – ნომინალი, თარიღი და მონეტის მომჭრელის რუსული ინიციალები. 1918 წლის 26 მაისს შეიქმნა დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. დროებითმა მთავრობამ საკუთარი ფულის ნიშნების შემოღება გადაწყვიტა. 1919 წლიდან ბრუნვაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფულის ბონები, რომელთა წარწერებიც ქართული იყო, თუმცა უკანა მხარეს რუსულ-ფრანგული წარწერებიც ჰქონდა. ბონებს ახლდა მთავრობის თავმჯდომარისა და ფინანსთა მინისტრის ხელმოწერები. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლება მყარი ვალუტის შექმნას აპირებდა, რისთვისაც ესკიზიც შეიქმნა, მაგრამ 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიამ პროექტის განხორციელებას ხელი შეუშალა.
ეროვნული ვალუტის შემოღება მოხერხდა მხოლოდ 1995 წელს. 1995 წლის 2 ოქტომბრიდან ბრუნვა დაიწყო ლარმა, რომლის ქვეყანაში დამკვიდრებით ქართული ფულის მოჭრის ტრადიცია გაგრძელდა.
წყარო: sana.ge
No comments:
Post a Comment